კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დილიდან პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმაურება.
სამადაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება რუსეთის დავალებებს ასრულებს, რომელსაც ორი ამოცანა აქვს: საზოგადოებს პროტესტის ჩახშობა და ევროინტეგრაციის პროცესის საბოლოოდ შეჩერება.
"დღეს დილას, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და მეთოდოლოგიით, რეჟიმი შეიჭრა სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში. ჩვენ პირველ რიგში, გვსურს, რომ ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ მათ, რომ მათ გვერდით იდგება რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს გადარჩენა იმ მომავლისგან, რომელსაც დღეს ჩვენ გვიმზადებს რუსეთი და რომლის ამოცანა არის ორი:
პირველი, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს გადის სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე, რომელსაც უკვე მრავალი თვეა წარმატებით ახორციელებს ჩვენი საზოგადოება.
ამ ტერორის მიზანია პროტესტის, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიის გაუქმება. არ მოხდება საქართველოს ევროპული მომავლის წართმევა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც რუსეთი ცდილობს, რომ განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში". - განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ჩხრეკებს შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაწყებული "გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით" ახორციელებენ.
დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე მივიდნენ ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე მარიამ გეგუჩაძის და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, ასევე გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლებში.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ბაჯელიძე, რომელიც ორსულადაა, 7 წლის შვილის თანდასწრებით გაჩხრიკეს.
ცნობისთვის 18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.
სატელიტების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო.
ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს რამდენიმე ფონდი, რომლებიც, მათ შორის, აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევდნენ.





