რუსული რეჟიმი

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს სარჩელით დავიწყეთ გამოძიება საბოტაჟის საქმეზე - POG

პროკურატურა/POG

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ 8 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე "საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე" გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის აქამდე, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, აღნიშნულ საქმეზე,  სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, 5-10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას". - წერია პროკურატურის განცხადებაში

კომენტარები