საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს შესახებ ანგარიშს, სახელწოდებით: "რეპრესიების ანატომია: პროტესტის, დარბევებისა და მდგრადობის 500 დღე" აქვეყნებს. ანგარიშში, მათ შორის, საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის ფაქტებზე.
"დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ადამიანის უფლებების მდგომარეობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გაუარესებას განიცდის. მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარულ პრაქტიკას უფრო და უფრო ხშირად მიმართავს.
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს გამოცდილება გამაფრთხილებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მთავრობებს სწრაფად გადააქციონ სახელმწიფო ინსტიტუტები რეპრესიის ძლიერ ინსტრუმენტებად საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებამ დეზინფორმაცია, რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლოში უსამართლობა საკუთარი ძალაუფლებისთვის შესაძლო საფრთხეებისგან თავდასაცავ იარაღად აქცია. მათ შექმნეს სისტემა, სადაც მშვიდობიანი პროტესტი დანაშაულად მიიჩნევა, სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს მტრად ცხადდება, დამოუკიდებელი ჟურნალისტები კი შევიწროების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში ექცევიან. პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლები სამართალს ვერ პოულობენ და პირიქით, მათ აქეთ დევნიან". - წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველოს სასამართლო სისტემა იმისთვის გამოიყენა, რომ ავტომატურად დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნები დემონსტრანტების წინააღმდეგ და აღესრულებინა ისეთი კანონები, რომლებიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო და კერძო აქტორებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო სივრცის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესუსტებას.
"ახალი კანონები, რომლებიც ფორმალურად გამჭვირვალობის ხელშეწყობის, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის ან ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით არის წარდგენილი, რეალურად გამოყენებულია სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად. ისინი მიღებულია არსებითი კონსულტაციის გარეშე და შეიცავს ბუნდოვან განმარტებებს, წინასწარი დამტკიცების მოთხოვნებსა და არასაჭირო, მძიმე და ინტრუზიულ ანგარიშგების ვალდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ეს კანონები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ზედმეტ კონტროლს, კრიტიკის ჩახშობას, მოქალაქეთა ზედამხედველობის შეზღუდვას ხელისუფლების ქმედებებზე და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების შესუსტებას ავტორიტარული პრაქტიკების გასამყარებლად. მათ მიღებასა და აღსრულებას ქვეყანა, ფაქტობრივად, მიჰყავს „კანონით მმართველობის“ რეჟიმისკენ, სადაც ხელისუფლებაში მყოფებს შეუძლიათ კანონის თვითნებურად შექმნა და გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის". - წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს ცილისმწამებლური კამპანიები დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
"ისეთ შემთხვევებში, როცა ასეთმა ცილისწამებამ გამოიწვია შევიწროება, ქონების დაზიანება, ფიზიკური თავდასხმები, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ან გავლენა მოახდინა სამართლებრივ პროცესებზე, ყველა დაზარალებულმა სრული კომპენსაცია უნდა მიიღოს". - წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ უნდა შეწყდეს საგადასახადო და დაფინანსების წყაროების შესახებ გამოძიებების, როგორც მედიების შევიწროებისა და დელეგიტიმიზაციის ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება.
Amnesty International ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებს, რომ გააუქმოს რეპრესიული კანონები - მათ შორის: ე.წ. გამჭვირვალობის რუსული კანონი, გრანტების შესახებ კანონი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
ორგანიზაცია ივანიშვილს რეჟიმს ასევე მოუწოდებს, რომ ჩაატაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება აქციებზე უკანონო ძალის გამოყენების ყველა ბრალდებაზე, მათ შორის, პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გამოყენებაზე. გარდა ამისა, გამოიძიოს 2024 წლის საპროტესტო აქციების დარბევის დროს დაკავებული პირების წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
ორგანიზაცია რეჟიმს 2024 წლის აპრილიდან აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების წინააღმდეგ გამოტანილი ყველა სისხლისსამართლებრივი განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვისკენაც მოუწოდებს.
"ყველა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც უსამართლო სამართალწარმოების შედეგია, უნდა გაუქმდეს და დაპატიმრებულები გათავისუფლდნენ მანამ, სანამ მათ წინააღმდეგ დასაბუთებულ ბრალდებებს არ წარმოადგენენ". - წერს Amnesty International.




