რუსული რეჟიმი

ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პრაგმატიკოსებისგან შედგება, რომლებსაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო უარყოფითი შედეგები ესმით.

"საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებითაა შემდგარი. ისინი ადასტურებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, მაგრამ ესმით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს შეწყვიტოს იყოს ქვეყანა, რომელიც თავისი პროდუქციით არის ცნობილი" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის 70% ამჟამად რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მოდის, ხოლო მნიშვნელოვანი წილი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებზე.

"ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს. აღარაფერს ვამბობ იმ მოთხოვნაზე, რომ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აღიარონ ევროკომისიის ყველა საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ასე შემდეგ" - თქვა მან.

გარდა ამისა, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის "ფაქტობრივად, ურთიერთობები რეგულარულ საფუძველზე შენარჩუნებულია", ხოლო რუს ტურისტებს უყვართ საქართველოში ჩამოსვლა და "ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა".

კომენტარები