ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას "საფუძვლიანად გადახედოს" და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას შეუსაბამოს. კომიტეტმა ასევე "ღრმა შეშფოთება" გამოხატა საკანონმდებლო ზომებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეკრების თავისუფლებაზე "მსუსხავი ეფექტი აქვს".
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგის სასამართლოში განხილული საქმის, "მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის კონტექსტში საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ დასკვნები წარადგინა.
კომიტეტმა "ღრმა შეშფოთებით აღნიშნა საკანონმდებლო და სამართალდაცვითი ზომები, რომლებსაც შეკრების თავისუფლების უფლების აღსრულებაზე მსუსხავი ეფექტი აქვს".
ამასთან, კომიტეტმა "ხელახლა გაიმეორა მნიშვნელობა იმის უზრუნველყოფისა, რომ შეკრების თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს შეესაბამებოდეს".
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ "შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკას საფუძვლიანად გადახედოს და კონვენციის სტანდარტებს შეუსაბამოს", რათა თავიდან აიცილოს "არაპროპორციული და უსამართლო ადმინისტრაციული დაკავებები და განაჩენები, მათ შორის სისხლის სამართლის განაჩენები, გადამეტებული სასჯელები" და "უზრუნველყოს საქმეების ზოგადი სამართლიანობა".
ამასთან, კომიტეტმა მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ "დემონსტრაციების კონტექსტში ადმინისტრაციულ დაკავებებთან და გამოტანილ სასჯელებთან დაკავშირებით სამართლებრივ და სამართალდაცვით პრაქტიკაზე სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად განახლებული ინფორმაცია წარმოადგინოს".
გარდა ამისა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან თანხვედრის ზედამხედველობაში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ხელშემწყობი გარემო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეკრებებს თვალყურს ადევნებენ.
"კონვენციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებთან თანხვედრის მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს სრულად ხელშემწყობი გარემო NGO-ებისთვის, რომლებიც შეკრებებს თვალყურს ადევნებს და მათ მონაწილეებს სამართლებრივად ეხმარება". - წერია განცხადებაში.
ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომიტეტმა ოცნებას "რელევანტურ დაინტერესებულ მხარეებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანოებთან აზრიან კონსულტაციებში ჩართულობისკენ" მოუწოდა.




