ბიძინა ივანიშვილის სატელიტი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო აცხადებს, რომ "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
მათი თქმით, განცხადებაში "ქრონოლოგიურად არის გადმოცემული იმ მოქმედებათა ჯაჭვი, რომელთა ერთობლიობა მიზნად ისახავდა საქართველოს ინტერესების ხელყოფას".
ივანიშვილის სატელიტები პროკურატურისგან მოითხოვენ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით დაიწყოს:
- 309-ე მუხლი: ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება;
- 314-ე მუხლი: ჯაშუშობა;
- 315-ე მუხლი: შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად;
- 317-ე მუხლი: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 318-ე მუხლი: საბოტაჟი;
- 319-ე მუხლი: უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება;
- 321(1)-ე მუხლი: საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა.
"საზოგადოება წლებია თვალს ადევნებს კოორდინირებულ შეტევას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც გარე აქტორები, ასევე ოპოზიციაში ჩაბუდებული უცხოური ინტერესების გამტარებელი პირები. აშკარად იკვეთება შეთანხმებული განცხადებები, მოქმედებები, საერთო სტრატეგია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად და ასევე აშკარაა ჩვენი ქვეყნის უცხოური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები.
ამ მიმართულებით ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წევრებისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებებს შორის იმდენად ნათელია კავშირი, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობითაც კი, რთული არ არის კოორდინირებული და საერთო განზრახვით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვეთა, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავი ითვალისწინებს.
[...]
კარგად გვესმის, რომ შესაბამისი ბრალის წარდგენისთვის საჭიროა სისხლის სამართლის წესით მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა კონკრეტული პირების მიმართ. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაიწყოს გამოძიება, ჩატარდეს ყოველმხრივი შესწავლა და მტკიცებულებების შეგროვება ზემოხსენებული მიმართულებით.
შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სტანდარტის დაცვით, მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, უნდა მოხდეს დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა. მათი, როგორც ჯაშუშების, სისხლისსამართლებრივი მტკიცებულებების დონეზე გამოაშკარავება იქნება უდიდესი ქართული, ეროვნული საქმე მისი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს პოლიტიკის საფარქვეშ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა!." - წერენ ივანიშვილის სატელიტები.
ცნობისთვის, ქართული ოცნების რეჟიმის სპიკერებმა - ვატო შაქარიშვილმა, ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა - ერთიანი ნეიტრალური საქართველო 2024 წლის 10 ივლისს დააფუძნეს.





