თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, 1 ადამიანი დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიციამ ეს პირი მანქანაში ჩასვა და ადგილიდან გაიყვანა. ტაბულა დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
დაკავებული რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმა, გიორგი ჩხეიძეა.
რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, შენობიდან მოწმე პოლიციელის, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. მას ხალხი შეძახილებით დახვდა. ედიშერაშვილი რამდენიმე პოლიციელთან და სასამართლოს მანდატურთან ერთად გადაადგილდებოდა.
სასამართლოს შიგნით და ეზოში დაძაბულობა რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესს მოჰყვა. სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ, დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ. მათი განცხადებით, დარბაზში დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ.
საბა სხვიტარიძის დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელი, გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი გამოკითხეს. სხვიტარიძე ედიშერაშვილს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, თუმცა, სხვიტარიძის თქმით, ედიშერაშვილს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.
სალომე ედიშერაშვილი პროცესზე რამდენიმე პირთან, სავარაუდოდ, პოლიციელებთან ერთად მივიდა. მოგვიანებით, დარბაზის უკმაყოფილების შემდეგ, პოლიციელებმა სხდომა დატოვეს.
"საბა სასამართლო პროცესზე ვართ.
დღეს ერთ-ერთი ცრუ მოწმეს სალომე ედიშერაშვილის დაკითხვის დღეა.
სხდომაზე შემოსვლამდე შემოუშვეს 7 პოლიციელი, რომლებმაც სალომე ედიშერაშვილი უნდა დაიცვას ჩვენგან. თუმცა, გარეთ ისეთ დღეში ჩააგდეს მოსამართლის გამოძახებამდე შემოვარდა შიგნით და აქ დავხვდით ჩვენ.
ადგილები აღარ დარჩა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, რასაც რეაგირება მოჰყვა ჩვენი მხრიდან.
მანდატურები ჩვენთან გადმოვიდნენ თავდასხმაზე, ხმაურის და ჭიდაობის შემდეგ შვიდივე პოლიციელმა დატოვა დარბაზი.
პ.ს. გაკვირვებულებმა და გაოცებულებმა, ეს რა საქციელიაო ჩვენც დაინტერესებული პირები ვართ და გვინდა პროცესზე დასწრებაო. ადამიანური ფაქტორიც არ არსებობდა მათში, გაყინული სახეებით ისხდენენ და იმას ვერ გებულობდნენ, რომ ოჯახის წევრები უნდა დასწრებოდნენ სხდომას და არა ისინი ვინც მონაწილეობას იღებდნენ საბას წამებაში." - დაწერა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, მარიამ შუშანიამ სოციალურ ქსელში.





