ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი მოსკოვის მიერ გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სამხედრო მოქმედებების ასევე დროებით შეჩერებით უპასუხებს. თუმცა, ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, მოსკოვის მიერ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, კიევი მოსკოვის ქმედებებს სარკისებურად გაიმეორებს.
"თუ ახლა რუსეთი მოულოდნელად მზად არის, ჩაერთოს სრული და უპირობო უმოქმედობის ფორმატში, უკრაინაც შესაბამისად მოიქცევა - სარკისებურად გაიმეორებს რუსეთის ქმედებებს. უმოქმედობა - უმოქმედობის საპასუხოდ, თავდაცვითი იერიშები - თავდასხმების საპასუხოდ". - წერს ზელენსკი.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგომის დღის შემდეგაც გახანგრძლივდეს. ზელენსკის თქმით, "30 დღე მშვიდობისთვის შანსის მისაცემად საკმარისი იქნებოდა".
"თუ ცეცხლი ნამდვილად სრულად შეწყდება, უკრაინა გამოდის წინადადებით, [რეჟიმი] აღდგომის დღის, 20 აპრილის შემდეგაც გახანგრძლივდეს. ეს არის ის, რაც რუსეთის ჭეშმარიტ განზრახვებს გამოააშკარავებს, ვინაიდან 30 საათი ახალ ამბებში გამოჩენისთვის საკმარისია, თუმცა არა რეალურად დარწმუნებისთვის. 30 დღე მშვიდობისთვის შანსის მისაცემად საკმარისი იქნებოდა". - დაწერა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისა, კიევი მოსკოვის ნებისმიერი "მანიპულაციისთვის" მომზადებულია, ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ცნობით, ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე რუსები შეტევებს კვლავაც აგრძელებენ.
"ამ დროისთვის, მთავარსარდლის ანგარიშის თანახმად, ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე რუსების შეტევითი ოპერაციები გრძელდება. შესაბამისად, არ არსებობს ნდობა მოსკოვისგან წამოსული სიტყვების მიმართ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ მანიპულირებს მოსკოვი და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. უკრაინის თავდაცვის ძალები რაციონალურად იმოქმედებენ - შესაბამის პასუხს დააბრუნებენ. ნებისმიერ რუსულ იერიშზე შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული". - დაწერა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, აღდგომასთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა.
კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის დროით შაბათის, 19 აპრილის 18:00 საათზე დაიწყება და ორშაბათის, 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
"ჰუმანიტარული საკითხების გათვალისწინებით, დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე, რუსული მხარე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს. მე ამ პერიოდში ვბრძანებ ყოველი სამხედრო მოქმედების შეწყვეტას". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გენშტაბის მეთაურთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცეცხლის დროებით შეწყვეტისა, რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რათა "მტრის ნებისმიერ პროვოკაციულ აქტს", ასეთის არსებობის შემთხვევაში, "წინააღმდეგობა გაუწიონ".
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე ჩვენს მაგალითს მიჰყვება. ამავდროულად, ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ პოტენციურ დარღვევას თუ პროვოკაციას, ნებისმიერ აგრესიულ აქტს მტრისგან". - დაამატა პუტინმა.
პუტინის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კრიტიკულად გამოეხმაურნენ.
"კიდევ ერთი მცდელობა პუტინის მხრიდან ადამიანების სიცოცხლესთან სათამაშოდ - ამ წუთებში საჰაერო რადარმა სარეიდო განგაშის სიგნალი გამოსცა უკრაინის მასშტაბით; ჩვენს ცაზე 17 საათსა და 15 წუთზე, რუსული საიერიშო დრონები გამოჩნდა.
უკრაინის საჰერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს ჩვენს დაცვაზე მუშაობა.
"შაჰიდის" დრონების ჩვენს ცაზე - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ". - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
"პუტინმა ახლახან გააკეთა განცხადება მის სავარაუდო მზადყოფნაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის. 30 საათი 30 დღის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, დიდი ისტორია გვაქვს მისი განცხადებების, რომლებიც მის მოქმედებებს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მისი სიტყვების ნდობა შეუძლებელია და ჩვენ შევხედავთ არა სიტყვებს, არამედ მოქმედებებს.
რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც [მოლაპარაკებების] მაგიდაზე მარტიდანაა.
ჩვენ გვსურს, რუსული ძალების მიერ ცეცხლის ყოველი მიმართულებით შეწყვეტა ვიხილოთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩვენს პარტნიორს და საერთაშორისო საზოგადოებას, იყვნენ ფხიზლად. მხოლოდ მოქმედებები და არა სიტყვები, გამოავლენს ჭეშმარიტებას: ეს ომი დაიწყო და გრძელდება მხოლოდ რუსეთის გამო". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.