რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პუტინმა სააღდგომოდ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინი კურსკის ოლქში მდებარე სამეთაურო პუნქტში
Ruptly

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, აღდგომასთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა. 

კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის დროით შაბათის, 19 აპრილის 18:00 საათზე დაიწყება და ორშაბათის, 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება. 

"ჰუმანიტარული საკითხების გათვალისწინებით, დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე, რუსული მხარე სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს. მე ამ პერიოდში ვბრძანებ ყოველი სამხედრო მოქმედების შეწყვეტას". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გენშტაბის მეთაურთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას. 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცეცხლის დროებით შეწყვეტისა, რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რათა "მტრის ნებისმიერ პროვოკაციულ აქტს", ასეთის არსებობის შემთხვევაში, "წინააღმდეგობა გაუწიონ". 

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე ჩვენს მაგალითს მიჰყვება. ამავდროულად, ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ პოტენციურ დარღვევას თუ პროვოკაციას, ნებისმიერ აგრესიულ აქტს მტრისგან". - დაამატა პუტინმა. 

კომენტარები