რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე" – თქვა ტრამპმა 12 აპრილს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

დონალდ ტრამპი

12 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა მიანიშნა, რომ საჭიროა, ეს საკითხი მალე მოგვარდეს

"ჩემი აზრით, უკრაინა-რუსეთი მისაღებად მიდიან. და საკმაოდ მალე გაიგებთ". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "არსებობს მომენტი, როცა ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად მიდის".

ტრამპმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს მოსალაპარაკებლად შეხვდა.

11 აპრილს დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით "რუსეთი უნდა ამოძრავდეს".

მანამდე, მარტის ბოლოს NBC News წერდა, რომ მათთან საუბრისას ტრამპმა ვლადიმირ პუტინის მიმართ გაბრაზება გამოხატა და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

ამასთანავე, ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უკმაყოფილება 8 აპრილსაც გამოხატა, კერძოდ რუსეთის მხრიდან უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებთან მიმართებით.

"მე არ მომწონს სიტუაცია დაბომბვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, ისინი [რუსები] გიჟებივით ბომბავენ [უკრაინას] ამ წამს" - თქვა დონალდ ტრამპმა.

ხოლო 11 აპრილს გამოცემა Axios საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თუკი თვის ბოლომდე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება, ტრამპი, სავარაუდოდ, რუსეთზე დამატებით სანქციებს დააწესებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 4 აპრილს აღნიშნა, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კონგრესის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაიზრდება, ხოლო ტრამპი "ამას ვერ შეაჩერებს", თუკი "მშვიდობის გზაზე არანაირი პროგრესი" არ იქნება.

"ჩვენ მალე გავიგებთ, რამდენიმე კვირაში, თვეებში არა, მართლა უნდა თუ არა რუსეთს მშვიდობა" - თქვა რუბიომ.

პარალელურად, აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1-ელ აპრილს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა დევს. მანა აღნიშნა, რომ სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ მიიღწევა, აშშ რუსეთთან სხვა დინამიკის განხილვას ან ხელშეწყობას არ აპირებს.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად გამოხატა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი რამ დევს და ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომელსაც განვიხილავთ ან ხელს შევუწყობთ, სანამ ეს არ მოგვარდება". - თქვა ბრიუსმა.

კომენტარები