გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინას 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ.
სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის დახმარების წლევანდელი 4.5 მილიარდის ოდენობის პაკეტიდან გაერთიანებული სამეფო 350 მილიონ გირვანქას გამოყოფს, ხოლო დარჩენილ ნაწილს ნორვეგია დააფინანსებს.
აღნიშნული თანხები სამხედრო ტექნიკის, რადარების სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და დრონების შესაძენად იქნება გამოყენებული.
განცხადება წინ უსწრებს უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ბრიუსელში, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰეილი და მისი გერმანელი კოლეგა, ბორის პისტორიუსი თავმჯდომარეობენ. შეხვედრას NATO-ს წევრი და უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოები დაესწრებიან.
10 აპრილს ჰეილი "მსურველთა კოალიციის" თავდაცვის მინისტრებსაც შეხვდა.
მანამდე, 4 აპრილს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის შტაბების ხელმძღვანელები, ადმირალი ტონი რადაკინი და გენერალი ტერი ბურკჰარდი კიევში ჩავიდნენ.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინული არმიის საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვა იყო, რათა მას სამხედრო მოდელის აღდგენისა და განვითარების მიმართულებით გრძელვადიანი მხარდაჭერა გაეწიოს.
"უკრაინული არმიის გაძლიერება ქვეყნის უსაფრთხოების პირველი გარანტიაა, რაც მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად არის აუცილებელი". - აღნიშნულია განცხადებაში.





