რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლის განცხადებით, ტრამპი და პუტინი ტელეფონით საუბარს ჯერჯერობით არ გეგმავენ

რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის ბოლო დღეებში გამართული შეხვედრების შემდეგ, კრემლი აცხადებს, რომ ტრამპი და პუტინი ტელეფონით საუბარს არ გეგმავენ. 

აქამდე, როგორც Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში რუსეთის მხარის წარმომადგენელ დმიტრიევს შეხვედრის დეტალები პუტინისთვის უნდა გაეცნო, სანამ ორივე მხარე რაიმე დამატებით ნაბიჯს გადადგამდა წინ. 

ამასთან, NBC News-მა 3 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს უახლოეს გარემოცვაში მყოფმა პირებმა ურჩიეს, რომ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი არ გამართოს მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება. 

მიუხედავად ამისა, კირილ დმიტრიევმა უიტკოფთან შეხვედრების დასრულების შემდეგ თქვა, რომ მან ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში "პოზიტიური დინამიკა" დაინახა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მეტი შეხვედრაა საჭირო, რათა მხარეების ხედვებს შორის განსხვავებები გადალაგდეს. 

ცნობისთვის, 30 მარტს NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

"თუ რუსეთი და მე ვერ შევძლებთ უკრაინაში სისხლის ღვრაზე შეთანხმების მიღწევას, და თუკი ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც, შეიძლება, ასე არ იყოს, მაგრამ თუ ამას ვიფიქრებ, მეორად ტარიფებს დავაწესებ ყველანაირ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის". - ციტირებს ტრამპს NBC News.

ამავე სტატიაში NBC News წერდა, რომ ტრამპი პუტინთან საუბარს მიმდინარე კვირაში გეგმავდა, რაც, ცხადია, არ შედგა. 

კომენტარები