სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში საუბარია პატიმრების პენიტენციურ დაწესებულებაში პირველადი შესახლების დროს მათი სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკაზე. სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით აიკრძალოს სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა.
"საანგარიშო პერიოდში, №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების დროს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ დაწესებულებებში პატიმრების პირველადი შესახლების, ასევე, დაწესებულებიდან გაყვანის და დაწესებულებაში დაბრუნების დროს, გასული წლების მსგავსად, 2024 წელსაც შენარჩუნებული იყო მათი სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. ამ სტანდარტის საპირისპიროდ, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები მთლიანად გაშიშვლების შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკას, პენიტენციური დაწესებულებების დებულებები მას არ ითვალისწინებს. ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმრების მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა". - წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში ასევე აღწერილია, რომ აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მიუთითებდა პოლიციის განყოფილების შენობაში, შესასვლელ სივრცეში, 10-მდე ადამიანის თანდასწრებით სრულად გაშიშვლებაზე და ბუქნების გაკეთებაზე, რაც დამამცირებელი იყო.
ცნობისთვის, 12 მარტს სასამართლო პროცესზე, აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა თქვა, რომ ყოველი ეტაპირების დროს მას აშიშვლებენ და აკეთებინებენ ბუქნებს.
ასევე, კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ 28 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავების შემდეგ, დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში სრულიად გააშიშვლეს.