სახალხო დამცველის ანგარიში 2024

შოვის ტრაგედიის შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალები - ომბუდსმენის 2024 წლის ანგარიში

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

სახალხო დამცველის აპარატი 2024 წლის ანგარიშში განიხილავს შოვის ტრაგედიის შესახებ მიმდინარე გამოძიების პროცესებსაც - როგორც ომბუდსმენის აპარატის წერს, შსს-მ მათ საგამონაკლისო წესით უფლება მისცა საქმის დეტალებს გასცნობოდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 პირის ცხედარი დღემდე არ არის აღმოჩენილი არ არის და დაკარგულად მიიჩნევა - აპარატის მიხედვით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

სახალხო დამცველი 2024 წლის ანგარიშში ასევე წერს, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია "უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, რათა შესაძლებელი მოქმედებებით თავიდან აერიდებინა ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა".

ანგარიშის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა 2-3 წელიწადში დამონტაჟდებოდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია რატომ არ დამონტაჟდა აღნიშნული სისტემა

"სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ დაუდგენია, იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, რათა სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებებით თავიდან აერიდებინა ადამიანების სიცოცხლის უფლების დარღვევა.

გამოძიებას ასევე არ მოუპოვებია დეტალური ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემების დამონტაჟების კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებისა და მათი შესრულების თაობაზე.

ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ შოვის ტრაგედიამდე, 2019-2022 წლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო საინფორმაციო ბიულეტენებში ყურადღებას ამახვილებდა კატასტროფების რისკის წინასწარი გამოვლენის და შემცირების მნიშვნელობაზე, აუცილებლობასა და ადრეული შეტყობინების სისტემების გაზრდის მიზნობრიობაზე.

საქმის მასალების თანახმად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სამომავლოდ იგეგმება ადრეული გაფრთხილების და განგაშის სისტემების დამონტაჟება

ასევე აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ადრეული გაფრთხილების სისტემის შესაქმნელად შესაბამისი ფინანსური რესურსიც იყო გათვალისწინებული.

ამასთანავე, ჯერ კიდევ 2018 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა 2-3 წელიწადში დამონტაჟდებოდა - მიუხედავად ამისა, გამოძიებას არ დაუდგენია, რატომ არ დამონტაჟდა ეს სისტემა.

გამოძიებამ უკრიტიკოდ გაიზიარა გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომ ბიულეტენებში მითითებული ინფორმაცია შოვში ღვარცოფის და მეწყრის მაღალი საშიშროების რისკის შესახებ ეხებოდა მდ. ჭანჭახის ხეობას და “მდ. ბუბას ხეობა” და “მყინვარი” ბუბა შესწავლილი არ ყოფილა, რადგან ბუბას ხეობაში მანამდე მსგავსი მოვლენები არ შემჩნეულა და მოსალოდნელიც არ ყოფილა - თუმცა გამოძიების მოპოვებული და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია საპირისპიროზე მეტყველებს". - წერია სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში.

კომენტარები