სახალხო დამცველის ანგარიში 2024

ომბუდსმენის ანგარიში: მოქალაქეები აქციაზე რეზინის ტყვიებით დაშავებაზე მიუთითებდნენ

ტბელ აბუსერიძე

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე მოქალაქე მიუთითებდა აქციაზე რეზინის ტყვიების სროლის თაობაზე. რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით, წერილობით მიმართვაზე, შსს-ს პასუხი არ გაუცია.

"საგულისხმოა, რომ რამდენიმე მოქალაქე მიუთითებდა (ცრემლსადენი გაზის გარდა) რეზინის ტყვიების სროლის თაობაზე. ერთ-ერთი მათგანის თქმით, კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტს ჰქონდა ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის ღია ჭრილობა, რბილ ქსოვილებში დარჩენილი იყო უცხო სხეული, რომლის მოსაცილებლად ჩატარდა ოპერაცია. საგამოძიებო ორგანომ კლინიკიდან რეზინის ტყვია ამოიღო.

სხვა მოქალაქე კი აცხადებდა, რომ რეზინის ტყვიამ გაიარა აირწინაღში და მოხვდა წარბის არეში. გარდა ამისა, რეზინის ტყვიების მოხვედრაზე მიუთითებდა კიდევ ორი მოქალაქე. ერთ-ერთი - ჩაფხუტსა და ფეხის თითზე (ფეხსაცმელიც გაუხვრიტა);

ხოლო მეორე - ჩანთაზე (ჩანთა დაზიანდა), ასევე, ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა და
სასწრაფომ დაუმუშავა.

საგულისხმოა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია 1-2 მაისს გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ. კერძოდ, რომელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს და რომელმა დანაყოფებმა. იყო თუ არა რეზინის ტყვიები გამოყენებული, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ვის დაევალა და რა გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით ეცნობა, რომ 1-2 მაისს გამოყენებული იყო წყალსატყორცნი, ცრემლსადენი გაზი და ხელის სპრეი (წიწაკის შემცველობით). ხოლო შეკითხვა რეზინის ტყვიებისა და დანაყოფების შესახებ უპასუხოდ დატოვა". - წერია ანგარიშში. 

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში წერია, ომბუდსმენის აპარატმა შსს-ს სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა. მათ შორის, რა სახისა და რა ოდენობის სპეციალური საშუალებების (ცრემლსადენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი, არალეტალური იარაღი, ე.წ. რეზინის ტყვიები და სხვ.) გამოყენებას ითვალისწინებდა უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა; რამდენმა თანამშრომელმა, რა დროს, რა ლოკაციაზე, რა სახეობის და რაოდენობის სპეციალური საშუალება გამოიყენა; გაიარა თუ არა შემოწმება/ექსპერტიზა კონკრეტულმა სპეციალურმა საშუალებამ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე; რა სახის და ტიპის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და რა პროპორციით და სხვ. აპარატს ეს ინფორმაცია დღემდე არ მიუღია. 

კომენტარები