რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: უიტკოფმა ზედმეტად ბევრი დრო გაატარა პუტინთან საუბრებში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისი
Julien de Rosa/Pool via AP, File

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან დაკავშირებით საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით აშშ-ს ნდობა, ადრე თუ გვიან, გაქარწყლდება.

25 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ უიტკოფის განცხადებებს "დიდი უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა ასევე დადებითი მხარეებიც არსებობს".

"სამწუხაროდ, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ზოგიერთი ადამიანის მიერ... [რომლებიც] დაახლოებულები არიან კრემლის ნარატივთან". - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დასანანია, რომ "მაღალი დონის ხმები არსებობს აშშ-ში, რომლებიც რუსულ ნარატივებს ავრცელებენ".

"მე მჯერა, რომ ბატონმა უიტკოფმა ზედმეტად ბევრი დრო გაატარა პუტინთან საუბრებში". - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთანავე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტას დაჰპირდა, თუმცა ეს "არ გამოვიდა, რადგან რუსებს ეს არ სურთ".

"ამის გამო რუსებს უფრო და უფრო ნაკლებად ენდობიან ყოველ დღე. იმედი მაქვს - და ახლა ეს იმედი რეალისტურად მიმაჩნია - რომ არცერთი რუსულ ნარატივს აღარ ენდობიან". - თქვა ზელენსკიმ.

აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა 23 მარტს Fox News-სთან ინტერვიუში ოპტიმიზმი გამოხატა საუდის არაბეთში აშშ-უკრაინასა და აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დამთავრება სურს. 

"მგონია, რომ მას მშვიდობა სურს". - თქვა უიტკოფმა.

ამასთანავე, უიტკოფმა უარყო მოსაზრებები, რომ რუსეთს ევროპაზე თავდასხმა სურს.

"უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მას [პუტინს] მთელი ევროპის დაპყრობა სურს. ბევრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომში იყო". - დაამატა უიტკოფმა.

კომენტარები