ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა 23 მარტს Fox News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლოა, ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ იგი "უბრალოდ მოატყუა" ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
"მეგონა, რომ მისაღები შეთანხმება გვქონდა. ისიც მეგონა, რომ ჰამასისგან თანხმობა გვქონდა. ალბათ, უბრალოდ მომატყუეს. მეგონა, [შეთანხმებამდე] მისული ვიყავით, და როგორც ჩანს, არ ვყოფილვართ". - თქვა უიტკოფმა Fox News-სთან.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტა 19 აპრილამდე გაგრძელდებოდა და პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ ჰამასი ხუთ ცოცხალ მძევალს გაათავისუფლებდა.
ცნობისთვის, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.
"ეს ჰამასის ბრალია, აშშ ისრაელის სახელმწიფოს გვერდით დგას. ეს 100%-იანი მხარდაჭერაა". - თქვა უიტკოფმა Fox-ზე.
ამავე ინტერვიუში უიტკოფმა ოპტიმიზმი გამოხატა საუდის არაბეთში აშშ-უკრაინასა და აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დამთავრება სურს.