აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა 23 მარტს Fox News-სთან ინტერვიუში ოპტიმიზმი გამოხატა საუდის არაბეთში აშშ-უკრაინასა და აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დამთავრება სურს.
"მგონია, რომ მას მშვიდობა სურს". - თქვა უიტკოფმა.
აშშ-ს დელეგაციამ კვირას, 23 მარტს, უკრაინულ მხარესთან შეხვედრა უკვე გამართა, ხოლო რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები მომდევნო დღეს, 24 მარტს, არის დაგეგმილი.
"ჩემი აზრით, თქვენ ორშაბათს საუდის არაბეთში გარკვეულ რეალურ პროგრესს ნახავთ, კერძოდ, როგორც ეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას ეხება ორივე ქვეყნის ხომალდებთან დაკავშირებით. და შემდგომ ბუნებრივად გადავალთ სრულად ცეცხლის შეწყვეტაზე". - თქვა ტრამპის წარმომადგენელმა.
ამასთანავე, უიტკოფმა უარყო მოსაზრებები, რომ რუსეთს ევროპაზე თავდასხმა სურს.
"უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მას [პუტინს] მთელი ევროპის დაპყრობა სურს. ბევრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომში იყო". - დაამატა უიტკოფმა.