უკვე მესამე დღეა, რაც აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო რაიონებში მათი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში ამ ბრალდებებს კვლავ უარყოფენ.
18 მარტის დილას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ 17 მარტის 22:15-დან 18 მარტის 00:20-მდე სომხეთის შეიარაღებული ძალები ეღეგნაძორის, სისიანისა და ჭამბარაკის რაიონებიდან მათ პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეღეგნაძორის რაიონი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ესაზღვრება. სომხეთმა განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.
ამის შემდეგ, შუა დღისთვის აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი ბრალდება გაავრცელა. ამჯერად ნათქვამი იყო, რომ დაახლოებით 08:55-ზე სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ცეცხლი ვარდენისის რაიონიდან გაუხსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ განცხადებასაც სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ბაქოსგან არანაირი დამადასტურებელი საბუთები არ მიუღიათ.
გასულ ორ დღეში, 16-17 მარტს აზერბაიჯანმა სომხეთი სასაზღვრო რაიონებში ცეცხლის გახსნაში ხუთჯერ დაადანაშაულა. ხუთივეჯერ ერევანმა ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებები გავრცელდა მაშინ, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიუახლოვდნენ.
აქამდე, 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ ერევანი საბოლოოდ დაეთანხმა აზერბაიჯანთან დასადები სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო ორ სადავო პუნქტს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იყო.
მიუხედავად ამისა, 14 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთისადმი ნდობა არ გააჩნია და ლაპარაკის ნაცვლად დოკუმენტი სჭირდებათ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სომხეთის კონსტიტუცია კვლავ არ შეუცვლიათ.
აზერბაიჯანმა ცეცხლის გახსნაზე ბრალდებები 5 მარტსაც გაავრცელა. სომხეთმა ეს ბრალდებაც უარყო.
მსგავსი შემთხვევები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხშირად მაშინ ხდება, როცა ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური საუბრები მიმდინარეობს. მარტამდე საზღვარზე მომხდარი სროლები ან მათთან დაკავშირებული ბრალდებები გავრცელება უკვე დიდი ხანია რაც არ მომხდარა.





