სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება

ბაირამოვის თქმით, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება დასრულებულია

ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკება დასრულებულია. მისი თქმით, ერევნიდან აცნობეს, რომ მათ მიიღეს მოლაპარაკებების ბოლო ორი პუნქტი, რომლებიც განხილვის საგნად რჩებოდა.

"შემდეგ ეტაპზე სომხეთის კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ აზერბაიჯანის მიმართ არსებული ტერიტორიული პრეტენზიები. ამას გარდა, უნდა გაუქმდეს მინსკის ჯგუფი და მისი ნარჩენები." - თქვა ბაირამოვმა.

ბაირამოვის სიტყვები სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა ინფორმაციის ცალმხრივად გავრცელების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. გუშინ, 12 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ერევანმა ბაქოს მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო რედაქციას უპასუხა და მასზე ხელმოწერა და რატიფიკაცია არ გამორიცხა.

ხელშეკრულების ორი დაუზუსტებელი მუხლი ეხებოდა ორი ქვეყნის მიერ ერთანეთის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო საჩივრების გაუქმებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მესამე ქვეყნების ძალების განლაგების აკრძალვას.

ამას გარდა, აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა დამატებითი მოთხოვნებიც წამოაყენეს.

"სომხეთში მყოფმა პირებმა, რომლებმაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს, ასევე უნდა აგონ პასუხი. სომხეთის დანაშაულები დავიწყებული არ იქნება." - თქვა პრეზიდენტი ილჰამ ალიევის მრჩეველმა და მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

ბაქოში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც სომეხ ტყვეებს ეხება და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ალიევის მრჩეველმა უარი თქვა, რომ მათ "ტყვეები" დაუძახონ და დამნაშავეებად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განაჩენი ჯერაც არ გამოუტანია.

პარალელურად, ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის დროს ალიევმა სომხეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა და ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომელთაც მისია სასაზღვრო რეგიონში აქვთ, "ჯაშუშები" უწოდა.

კომენტარები