ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმების შემდეგ, ბოლო ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო რეგიონებში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ბრალდებებს ერევანში უარყოფენ.
ბოლო კვირაში პირველი ბრალდება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 მარტს გაავრცელა. განცხადებაში ირწმუნებოდნენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს 16 მარტის დილას ცეცხლი გაუხსნეს სიუნიქის პროვინციაში მდებარე გორისის რაიონიდან. ეს რაიონი სომხეთის სამხრეთ ნახევარში მდებარეობს. განცხადებაში სხვა დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და დეზინფორმაცია უწოდა. თუმცა, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების გვერდზე ამავე დღის საღამოს კიდევ ერთი ბრალდება გამოქვეყნდა, რაც სომხეთის შესაბამისმა ორგანომ კვლავ უარყო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ბაქომ სომეხი სამხედროები ცეცხლის გახსნაში მესამეჯერ დაადანაშაულა. სომხურმა მხარემ ამ ბრალდებასაც დეზინფორმაცია უწოდა.
ბაქოს ბრალდებები 17 მარტსაც გაგრძელდა. თავდაპირველად, დაახლოებით 15:00-ზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მორიგი განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მათ პოზიციებს ცეცხლს, ამჯერად, არამხოლოდ გორისის, არამედ ვარდენისის რაიონიდანაც უხსნიდნენ. მათი მტკიცებით, სროლა, ფაქტობრივად, ნახევარი დღის განმავლობაში, 01:25-დან 12:55-მდე გრძელდებოდა. ერევანმა ეს ბრალდებაც უარყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრემიერმინისტრის ოფისი მზადაა ეს ფაქტი გამოიძიონ, თუ აზერბაიჯანული მხარისგან ბრალდების დამადასტურებელ საბუთებს მიიღებენ.
17 მარტის ღამეს მორიგი ბრალდება გავრცელდა. ამჯერად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ სომეხი სამხედროები ცეცხლს ვარდენისის, სისიანისა და ჭამბარიკის რაიონებიდან, 17:25-დან 21:45-მდე ხსნიდნენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კვლავ იდენტური, უარმყოფელი განცხადება გაავრცელა.
აქამდე, 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ ერევანი საბოლოოდ დაეთანხმა აზერბაიჯანთან დასადები სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო ორ სადავო პუნქტს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იყო.
მიუხედავად ამისა, 14 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთისადმი ნდობა არ გააჩნია და ლაპარაკის ნაცვლად დოკუმენტი სჭირდებათ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სომხეთის კონსტიტუცია კვლავ არ შეუცვლიათ.
აზერბაიჯანმა ცეცხლის გახსნაზე ბრალდებები 5 მარტსაც გაავრცელა. სომხეთმა ეს ბრალდებაც უარყო.
მსგავსი შემთხვევები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ხშირად მაშინ ხდება, როცა ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური საუბრები მიმდინარეობს.