სომხეთი-აზებაიჯანი

ალიევი: სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა, სიტყვების ნაცვლად დოკუმენტები გვჭირდება

ილჰამ ალიევი
Trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა. მისი თქმით, მათ არა სიტყვები, არამედ დოკუმენტები სჭირდებათ. ამის შესახებ ალიევმა ბაქოს გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.

ალიევის თქმით, ბაქოს ნდობა არ აქვს, მათ შორის, არც სომხეთის ამ ამჟამინდელი მთავრობის მიმართ.

"სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა. შესაბამისად, ჩვენ მათ სიტყვებს არ ვენდობით, რადგან ისინი არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ, მათ შორის, ამჟამინდელი მთავრობა. კიდევ ერთხელ, მათ სიტყვებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, გვჭირდება ქაღალდები. ჩვენ გვჭირდება, რომ მათ კონსტიტუციას არ ჰქონდეს რაიმე ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანთან. ეს კი კვლავ არსებობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი დაიშალოს. ეს არის ჩვენი გზავნილი სომხეთის მიმართ და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მინსკის ჯგუფის შენარჩუნებაში ლოგიკა არ არსებობს. ის შეიქმნა ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად. დღეს კი ეს საკითხი მოგვარებულია. სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. რატომ არ შემოგვიერთდით ერთობლივ განცხადებაში ეუთოში მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ? მათ ეს არ სურთ". - თქვა ალიევმა.


13 მარტს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ორი პირობა მიიღო, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება გაავრცელა.

"სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური გზებით აცნობა, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს, რომლებიც ეხება "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიის ორ შეუთანხმებელ პუნქტს და შესთავაზა [აზერბაიჯანს] ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელიც დაადასტურებს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტსა და სამუშაო ვერსიაზე მოლაპარაკებების დასრულებას. 

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების" სამუშაო ვერსიაზე თანხმობა მიღწეულია და რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულებულია.

შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროსა და ლოკაციაზე." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები