ჟურნალისტის, "ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, პროკურატურამ დააყადაღა მისი ფონდი. ჟორჟოლიანის ცნობით, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყადაღის დადება პროკურატურამ მოითხოვა.
"ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით.
ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში. ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.
დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება". - წერს ჟორჟოლიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დააყადაღეს ნიკა გილაურის და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდებიც.
"დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.
ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.
რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ". - წერს ადამიანის უფლებათა სახლი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, ნიკა გილაურის ფონდმა ფროსფერითი ჯორჯიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ფონდის ანგარიშებს ყადაღა დაედო:
"გაცნობებთ, რომ ფონდის მუშაობა შეფერხებულია,
რადგან ფონდის ანგარიშს დაედო ყადაღა.
ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ინფორმაციით ყადაღა წარმოადგინა პროკურატურამ.
ასევე დაყადაღებულია სხვა ფონდები.
დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ" - წერს ფროსფერითი ჯორჯია.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს.