რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა "გულისხმობდეს უკრაინაში უიარაღო დამკვირვებლების, სამოქალაქო მისიის განთავსებას, რომელიც გააკონტროლებს შეთანხმების ცალკეული ასპექტების შესრულებას, ან გარანტიის მექანიზმებს".
ამის შესახებ გრუშკომ, გამოცემა "Известия"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"თუ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მას გარე კონტური ექნება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უსაფრთხოების რკინის გარანტიები ამ შეთანხმების ნაწილი იყოს" - თქვა გრუშკომ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის ასევე ამბობდა, რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს. მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.
ლავროვის თქმით, "ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა".
მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბირთვულ რიტორიკას რუსეთისთვის მუქარად განიხილავს.