რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ლავროვი ევროპელ სამშვიდობოებზე: ეს აკვიატებული იდეა არ არის საჭირო ომის დასასრულებლად

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, ევროპა შეპყრობილია უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის იდეით, თუმცა ეს არ არის ის, რაც კონფლიქტის დასრულებისთვის არის საჭირო.

ამერიკელ ბლოგერებთან, მარიო ნაუფალთან, ლარი ჯონსონსა და ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ინტერვიუში საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინელების მეშვეობით დასავლეთმა ომი რუსეთის წინააღმდეგ წამოიწყო.

"ყველაზე მეტად მაოცებს სამშვიდობო ძალების აკვიატებული იდეა. მაკრონი ამბობს: ერთ თვეში მათ განვათავსებთ. ეს არ არის ის, რაც, ჩვენი აზრით, აუცილებელია ამ ომის დასასრულებლად. ეს ომი დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ წამოიწყო, უკრაინელების მეშვეობით და მათი სამხედრო ძალების პირდაპირი ჩარევით. ჩვენ ეს ვიცით". - განაცხადა ლავროვმა.

"თუ ვისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე და ჩვენი დასავლელი მეგობრების გულწრფელობაზე, ევროპა და ბრიტანეთი აშკარად არ აპირებენ ომის დასრულებას. იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღეს ზელენსკი ლონდონში 28 თებერვლის ვაშინგტონის სკანდალის შემდეგ, ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ზეწოლას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა აიძულონ აგრესიული მოქმედებებისკენ რუსეთის წინააღმდეგ." - თქვა რუსეთის  საგარეო საქმეთა მინსტრმა.

მანამდე, 24 თებერვალს, დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება.

ევროკავშირის მიერ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების განლაგების შესახებ ჟურნალისტის კითხვას აშშ-ს პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"ის ამას დათანხმდება. მე მას ეს კითხვა დავუსვი. თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ის ომით დაინტერესებული აღარ იქნება. მე მას ზუსტად ეს ვკითხე. მას ამასთან [სამშვიდობო ჯარების განლაგებასთან] პრობლემა არ აქვს". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები