რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის თქმით, 18 მარტს პუტინთან ტელეფონით ილაპარაკებს

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი, 2018
EVAN VUCCI / AP

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სამშაბათს, 18 მარტს, ტელეფონით ილაპარაკებს

ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრის დროს ილაპარაკა

"სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. შაბათ-კვირის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. [...] გვსურს, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, რომ ეს ომი დავასრულოთ. შესაძლოა, შეგვიძლია, შესაძლოა, არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს". - თქვა ტრამპმა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში, ტრამპმა თქვა, რომ ლაპარაკი "მიწასა" და "ელექტროსადგურებზე" მიმდინარეობს. 

"მიწაზე ვილაპარაკებთ. ელექტროსადგურებზე ვილაპარაკებთ. [...] ვფიქრობ, ბევრი რამ ორივე მხარემ, უკრაინამ და რუსეთმა, უკვე განიხილეს. ამაზე უკვე ვლაპარაკობთ, გარკვეული რესურსების განაწილებაზე". - თქვა ტრამპმა. 

გუშინ, 16 მარტს ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა ამ კვირაშია მოსალოდნელი.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ. 

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

ხოლო პუტინის განცხადებას, თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები "იმედისმომცემია", მაგრამ დაამატა, რომ ეს "არასრულია".

"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. სასურველია ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა. იმედია რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - თქვა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე.

კომენტარები