რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

"მხარს ვუჭერთ, მაგრამ..." – რა აშფოთებს პუტინს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით

ვლადიმირ პუტინი

ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებზე ილაპარაკა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე უარყოფითად ისაუბრა, სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 30-დღიან ზავს "მხარს უჭერენ, მაგრამ არსებობს ნიუანსები". 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ. 

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

"ამ პირობებში, მე მგონია, რომ უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ზავის მიღწევა, თუნდაც 30 დღით. და ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არსებობს ნიუანსები."

პირველ ნიუანსად პუტინმა კურსკის ოლქში არსებული ვითარება დაასახელა. მისი თქმით, ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, გაუგებარია რა მოუვათ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე მან მოწინააღმდეგეები, რომლებიც კურსკში არიან შეჭრილი, ტერორისტებად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება სწორედ ამ მუხლით არის დაწყებული.

საკუთარი წუხილის გამოხატვის დროს, პუტინმა უკრაინულ მხარეს ფაქტობრივად მოსთხოვა, რომ 30-დღიანი ზავის შემთხვევაში კურსკში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცენ და ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაბარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ, სავარაუდოდ, ისე გაასამართლებენ, როგორც ტერორისტებს.

"რას გავაკეთებთ კურსკის ოლქის ამ მონაკვეთში? თუ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით ვწყვეტთ, რას ნიშნავს ეს? რომ ყველა, ვინც იქ იმყოფება, ბრძოლის გარეშე გავა? ჩვენ ისინი იქიდან უნდა გავუშვათ მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს? თუ უკრაინული ხელისუფლება მათ იარაღის დაყრის ბრძანებას მისცემს? უბრალოდ ტყვედ ჩაგვბარდებიან. როგორ მოხდება ეს? გაუგებარია."

ასევე, პუტინის მტკიცებით, რუსი სამხედროები ყველა მონაკვეთზე წინ მიიწევენ, რაც დამატებითი ნიუანსია. მისი თქმით, რთული იქნება თითქმის 2 000-კილომეტრიანი შეხების ხაზის კონტროლიც და შიშობს, რომ უკრაინელები 30 დღეს ძალების აღსადგენად გამოიყენებენ.

პუტინის მიერ დასახელებული შიშები და ნიუანსები:

  • კურსკში არიან უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც, პუტინის მტკიცებით, მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს;
  • უკრაინაში სხვა მონაკვეთებზე რუს სამხედროებს ხელსაყრელი პოზიციები უჭირავთ და შეტევას განაგრძობენ;
  • არ არის ცხადი შეთანხმების შენარჩუნების კონტროლის მექანიზმები;
  • უკრაინელებმა შესაძლოა შესვენება ძალების აღსადგენად გამოიყენონ, გადაამაზადონ ქვედანაყოფები;
  • შესაძლოა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება;
  • ვინ უნდა გასცეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ბრძანება და რა ფასი ექნება ამ ნაბიჯს;
  • თითქმის 2 000-კილომეტრიანი საზღვრის კონტროლი რთულია და გაუგებარი იქნება ვინ ვის დააბრალებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას;
  • საჭიროა ამ საკითხებზე აშშ-სთან საუბარი.

რუსი მაღალჩინოსნები წარსულში ცეცხლის დროებით შეწყვეტას გამორიცხავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ, მაგალითად კი დონბასში მიმდინარე ომის დროს დადებული მინსკის შეთანხმებები მოჰყავდათ და ირწმუნებოდნენ, რომ მაშინ ევროპელებმა მოსკოვი მოატყუეს და უკრაინისთვის დრო მოიგეს.

პუტინის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეა სწორია, მაგრამ საჭიროა გარკვეული საკითხების ამერიკელებთან დაზუსტება.

"ამიტომაც თავად იდეა სწორია და მას უსიტყვოდ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ გვჭირდება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან რაღაცის მოლაპარაკება. შესაძლებელია პრეზიდენტ ტრამპთან დარეკვაც და მასთან განხილვა. მაგრამ თავად იდეას, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი მეთოდებით დასრულდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ." - თქვა პუტინმა.

 

კომენტარები