გიორგი ჩიკვაიძე

პაპიაშვილი ჩხრეკაზე: ინფორმაციის მატარებელი ყველა მოწყობილობა ქვეყნიდან გატანილია

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, ყველა მოწყობილობა, რომელზეც რაიმე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, ქვეყნის გარეთ აქვთ გატანილი. პაპიაშვილმა ამაზე მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

ბიზნესმენების გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პაპიაშვილს პირადი ჩხრეკაც ჩაუტარდა. ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოს ეზოში ჩხრეკენ მის მანქანასაც. 

"მინდა დავამშვიდო ეს ადამიანები, ყველა ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა ჩვენთან ერთად არ ინახება. ის თან არ გვაქვს. ალბათ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავში ტვინი აქვს ამას მხვდებოდა და მათ ქვეყნის გარეთ გაიტანდა. ის გაცილებით დიდი ხნის წინ გავიდა ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ჩვენთან ვერაფერს ვერ იპოვიან რა თქმა უნდა, თუ რაღაც არ ჩაგვიდეს. ვართ სუფთად". - თქვა ირაკლი პაპიაშვილმა. 

ჩხრეკებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს. 

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო. 

კომენტარები