გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესპარტნიორი ჩიკვაიძის დაკავებაზე: ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, ის და გიორგი ჩიკვაიძე მუდმივად ერთად გადაადგილდებოდნენ. პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი გარემოებები, თითქოს ჩიკვაიძე სადახლოს გამშვებ პუნქტთან შენიშნეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

დღეს, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეცვალა. პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო კი ძალაში დატოვა.

როგორც პაპიაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ისიც დააკავეს.

"ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. კი მქონდა გაანალიზებული, რომ მეც დამაკავებდნენ და გიორგისაც დააკავებდნენ - ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს. ამ საქმის დაწყებიდან, მე და გიორგი ერთად ვართ, ერთად გადავადგილდებოდით. პროკურატურამ დააყენა მიზეზი, რომ ვითომ გიორგი ცდილობდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან მიახლოებას, ერთი შემიძლია დარწმუნებით ვუთხრა ყველას, რომ გიორგი თბილისიდანაც კი არ გასულა ბოლო წელიწად-ნახევარია. ერთადერთხელ ვიყავით სოფელ სართიჭალასთან სტუმრად, სახლში, რისი დამადასტურებელიც შემიძლია მოვიპოვე. ესაა ცირკი, რაშიც დღეს ვმონაწილეობთ". - თქვა პაპიაშვილმა სხდომის შედმეგ. 

ირაკლი პაპიაშვილსა და გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე აქვთ წარდგენილი. 

დღევანდელ სხდომაზე გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც პროკურორმა განაცხადა ჩიკვაიძემ და პაპიაშვილმა არაერთხელ დაარღვიეს შეფარდებული გირაოს პირობები, კერძოდ, არ ცხადდებოდნენ სასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, გამოიკვეთა ახალი გარემოებაც, კერძოდ, ჩიკვაიძე შენიშნეს სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ჩიკვაიძის ნაწილში დააკმაყოფილა და ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ გუშინ, 10 მარტს, განაცხადა, რომ მოლოდინი ჰქონდა, დღევანდელ პროცესზე დააკავებდნენ. 

გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. ჩიკვაიძე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, მასზე სუს-ის თვალთვალის კადრებია.

კომენტარები