გიორგი ჩიკვაიძე

სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის შეფარდებული გირაო პატიმრობით შეცვალა

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მიიღო. 

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ როგორც ახალგაზრდა დედა, როცა ყველაზე ძალიან დასჭირდებით თქვენ შვილს ვერ იყოთ მის გვერდით, არამედ იყოთ იქ, სადაც მიშვებთ მე, ამის პირობას გაძლევთ. ეს სიტყვები დაიმახსოვრე შე მურუსიძის მონა და თუ არ დასანქცირდები მაგას ვნახავთ" - მიმართა ჩიკვაიძემ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც პროკურორმა განაცხადა ჩიკვაიძემ და პაპიაშვილმა არაერთხელ დაარღვიეს შეფარდებული გირაოს პირობები, კერძოდ, არ ცხადდებოდნენ სასამართლო სხდომაზე. 

გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, გამოიკვეთა ახალი გარემოებაც, კერძოდ, ჩიკვაიძე შენიშნეს სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს.

"მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით. რისთვისაც გიორგი ჩიკვაიძე 6-7 მარტს იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს". - განაცხადა პროკურორმა.

სხდომაზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არასათანადო ქცევას ადგილი არ ჰქონია, ისინი სხდომაზე საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო არ გამოცხადებულან.

ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ გუშინ, 10 მარტს, განაცხადა, რომ მოლოდინი ჰქონდა, დღევანდელ პროცესზე დააკავებდნენ. 

გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. ჩიკვაიძე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, მასზე სუს-ის თვალთვალის კადრებია.

კომენტარები