რუსული რეჟიმი

თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და მიგრაციის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს

თემურ ქათამაძე კლინიკა ვივამედიდან გაწერეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. 

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ანალიზის შედეგები დამაკმაყოფილებელია. 

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე ლაბორატორიული კვლევების შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტმა, როგორც კი შეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი თერაპია არსებული საერთაშორისო გაიდლაინის შესაბამისად. თუმცა პაციენტი ნაკლებად ემორჩილებოდა ჩვენს რეკომენდაციებს, არ ითვალისწინებდა ჩვენს მიწოდებულ კვების აღდგენის კურსს, ჰქონდა პრეტენზია, მოითხოვდა განსხვავებულ საკვებს, მისთვის სასურველ საკვებს. გარდა ამისა, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას. ნორმებში იგულისხმება ქცევის წესები, ექიმთან ურთიერთობა და ა.შ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. კვლევის შედგები იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა, დაბრუნება შესაბამის დაწესებულებაში და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია კვების გაგრძელების შესახებ". - ამბობს ზურაბ ჩხაიძე ინტერპრესნიუსთან.

თემურ ქათამაძე კლინიკა ვივამედში 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს. იმავე დღეს ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმებთან კონსულტაციის დღეს ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. 

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. 

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.

კომენტარები