ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"შე ძაღლო და თურქო, გაეთრიე აქედან!" - ბათუმელი მედროშის წერილი ძალადობასა და რასიზმზე

"ბათუმელი მედროშე" - თემურ ქათამაძე
"ბათუმელები"

ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული "მედროშე", თემურ ქათამაძე ბათუმელებს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს უგზავნის, რომელშიც წერს, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

"11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: "ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი".

მე ვუპასუხე: "აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?" – წერს თემურ ქათამაძე

მედიის წარმომადგენლები, მოქალაქეები და ჟურნალისტები უკვე მრავალი დღეა, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

ბათუმელების ცნობით, თემურ ქათამაძეს აქციაზე დაკავების შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ის ხელმეორედ დააკავეს და მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ დროს თემურ ქათამაძე თბილისში, ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს. ის 17 იანვრის შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ქათამაძე წერილში მის მიმართ გამოხატულ რასიზმზეც საუბრობს.

"ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – "დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით "შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან".

მე ვუპასუხე: "თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი".

მიპასუხეს – "მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?" ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].

შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი," – ვკითხულობთ მის მიერ გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები