რუსული რეჟიმი

თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა - ჩხაიძე

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა.

დღეს, 5 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიმშილობის 48 დღეს, 4 მარტს, თემურ ქათამაძე სამედიცნო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"გავუწიეთ კონსულტაცია, ავიხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა სრულად გაითავისა მოსალოდნელი გართულებები. ჩვენი კონსულტაციების და რეკომენდაციების შემდეგ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა" - ამბობს ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ფორმულასთან.

ჩხაიძის თქმით, თემურ ქათამაძე თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. 

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.

კომენტარები