საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მედროშე, თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ დაკავების დღიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ მის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ.
"საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლების და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი:
დღეს უკვე საჭირო გახდა. მინდა, გაცნობოთ, რომ 16.01.2025 წელს, დაკავების პირველი დღიდან დღემდე, ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემს მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემს მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებში წარსადგენად ბათუმში, ჩემს კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე-მტკიცებულებებზე წვდომის და მათი დროზე შეგროვების შეფერხების გზით. თუმცა, ბოლო დღეებში მათი ზეწოლა დამიზებულია. 44 დღის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობს ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გეტეხვას ემსახურება. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეგ მცდელობა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხავს! სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალია. იმათზე ზემოთ მხოლოდ ღმერთი დგას!
მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, ისე, როგორც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე ყველა სინდისის პატიმარს!
მინდა, ყველამ იცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ "ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არის ჩვენთან, მჯერა გამარჯვების!
ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!
უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს!
ჩვენი ბრძოლის ყოველ წამს გახსოვდეთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სიტყვები: "არასდროს, არასდროს არ დანებდე!"
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე არ დანებდეთ! "ძალა ერთობაშია"
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 28.02.2025 წელი
შიმშილობის 44-ე დღე, თბილისი - სამშობლო". - ნათქვამია წერილში.
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
21 თებერვალს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქათამაძეს მიმართა და მოუწოდა, რომ "ქვეყნის გადარჩენას" არა მსხვერპლი, არამედ "ცოცხალი მებრძოლი სჭირდება".
26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.