რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ვენსი არ გამორიცხავს ზელენსკისთან დიალოგის განახლებას, თუ მისი წინადადება სერიოზული იქნება

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ის შონ ჰანიტისთან ინტერვიუში ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომხდარ შეკამათებაზე ისაუბრა და რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად მომდევნო ნაბიჯები განიხილა.

"[შეხვედრა] რელსებიდან რეალურად მაშინ გადავიდა, როდესაც მე პოლონელ ჟურნალისტს კითხვის დასმა ვთხოვე, პრეზიდენტმა უპასუხა, შემდეგ მე ვუპასუხე და ჩემს პასუხში რაღაცამ ზელენსკი გააღიზიანა და მან ჩემზე გამოიწია და მერე მე ვუპასუხე. თავიდან მე ვითარების ოდნავ განმუხტვა ვცადე, რადგან ეს შეხვედრა გვაქვს, ცხადია, ასობით სატელევიზიო კამერაა. მოდი, ვცადოთ, რომ ეს დისკუსია დახურულ რეჟიმში გვქონდეს". - გაიხსენა ვენსმა.

ტრამპის ვიცეპრეზიდენტის თქმით, იგი ფიქრობს, რომ შეხვედრაზე "პატივისცემის ნაკლებობა" და "პრივილეგიების მიღების მოლოდინის განცდა" იყო. თუმცა, ვენსმა დაამატა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამასთანავე "მკვლელობების შეჩერება სურს".

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი პუტინიც, ისინი ორივე უნდა მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და საბოლოოდ აქ ჩაიშალა ყველაფერი. არ მადარდებს, თუ რას იტყვის პრეზიდენტი ზელენსკი ჩემზე თუ ვინმე სხვაზე, მაგრამ მან აშკარად აჩვენა, რომ არ არის მზად სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ამერიკელი ხალხისა და მათი პრეზიდენტის პოლიტიკაა". - თქვა მან.

ვენსის თქმით, ზელენსკი არ არის იქ, სადაც საჭიროა, რომ იყოს - "ახლაც არ არის, მაგრამ მგონია, რომ საბოლოოდ მივა აქამდე, უნდა მივიდეს". - დაამატა ვიცეპრეზიდენტმა.

ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე მოითხოვა თეთრ სახლში დაბრუნება და დიალოგის გაგრძელება, თუმცა პრეზიდენტი ტრამპის პოზიციაა, რომ "პირველ რიგში, ისინი უპატივცემულოდ მოიქცნენ. მეორე, რაზე უნდა ვისაუბროთ. მათ აშკარად აჩვენეს, რომ არ არიან მზად განიხილონ მშვიდობიანი მოგვარება, რის დანერგვასაც პრეზიდენტი ტრამპი ამ ვითარებაში ცდილობს".

ვიცეპრეზიდენტის აზრით, საკითხავია, თუ რა არის რეალური გეგმა ამ ომში: "ვერ შეძლებ ომი სამუდამოდ დააფინანსო, ამერიკელი ხალხი ამას არ მიიღებს და, სხვათა შორის, თუ შეხედავთ ევროპულ გამოკითხვებს, ევროპელებიც არ დათანხმდებიან ამას სამუდამოდ. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიყვანოთ, პრეზიდენტი ამის გაკეთებას ცდილობდა, ასე გააგრძელებს, მაგრამ ამისთვის ორი მხარეა საჭირო. უკრაინელების სახით მომლაპარაკებელი პარტნიორი უნდა გყავდეს. რა თქმა უნდა, მათ საკუთარი შეხედულებები აქვთ და ცხადია, ყოველთვის არ დაგვეთანხმებიან, მაგრამ საუბარში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ამის გასაკეთებლად ისინი პარასკევს მზად არ იყვნენ, ამიტომ პრეზიდენტმა თქვა, რომ "უკან გაუშვით"".

"რაც ხდება არის ის, რომ ზელენსკი გყავს, ევროპაში ჩადის და ჩვენი მრავალი ევროპელი მეგობარი მას აქებს, ეუბნებიან, "შენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხარ, სამუდამოდ უნდა იბრძოლო". სამუდამო ბრძოლა რის მეშვეობით? ვისი ფულით, ვისი საბრძოლო მასალებით და ვისი სიცოცხლით? პრეზიდენტი ბევრად უფრო რეალისტურ მიდგომას ირჩევს იმის თქმით, რომ "ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება". ჩვენ ამას სამუდამოდ ვერ დავაფინანსებთ, უკრაინელები სამუდამოდ ბრძოლას ვერ შეძლებენ. ამიტომ, მოდით ეს სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიყვანოთ". - ამბობს ვენსი.

ინტერვიუში ვენსმა აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შესაძლო შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის ტოლფასი იქნება.

"თუ გინდა რეალური უსაფრთხოების გარანტიები. თუ გინდა უზრუნველყო, რომ ვლადიმირ პუტინი ხელახლა არ დაესხმება თავს უკრაინას, ყველაზე საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიაა, რომ ამერიკელებს უკრაინის მომავალში ეკონომიკური სარგებელი მისცე. ეს ბევრად უკეთესი უსაფრთხოების გარანტიაა, ვიდრე 20 000 სამხედრო რომელიმე ქვეყნიდან, რომელსაც ომში 30-40 წელია, არ უბრძოლია. უსაფრთხოების გარანტია, და ასევე ეკონომიკური გარანტია, უკრაინისთვის არის ის, რომ ქვეყანა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამერიკას გრძელვადიანი ინტერესი აქვს. ამას ვერ გააკეთებ, თუ ოვალურ ოფისში მოხვალ, პრეზიდენტს შეურაცხყოფას მიაყენებ და უარს იტყვი მიჰყვე მის გეგმას მშვიდობისთვის". - განმარტა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა.

ვენსმა ინტერვიუს ბოლოში ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გაგრძელების სივრცე ისევ არსებობს:

"ვფიქრობ, თუ დარეკავს და ექნება სერიოზული წინადადება იმაზე, თუ როგორ ჩაერთვება პროცესში - არსებობს დეტალები, რასაც რეალური მნიშვნელობა აქვს, რაზეც უკვე ვმუშაობთ რუსებთან ერთად, რაზეც ვესაუბრეთ ჩვენს ზოგიერთ მოკავშირეს - ის [ზელენსკი] სერიოზულად უნდა ჩაერთოს დეტალებზე დისკუსიაში. ვფიქრობ, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ აბსოლუტურად გვინდა უკრაინელებთან საუბარი". - თქვა მან.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის დარწმუნებული, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსული მხარე საკუთარი წვლილის შესატანად მზად არის და დაამატა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ თვლის, რომ ყველაფერი, რასაც რუსები ეუბნებიან სიმართლეა.

"უნდა ენდო, მაგრამ გადაამოწმო. უნდა ჩაერთო მოლაპარაკებებში. უნდა ნახო, რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად ხალხი [...] როდესაც მედია თავს ესხმის ტრამპს, რომ თითქოს იგი პუტინის მხარესაა, ორი პრობლემაა: პირველ რიგში, 20 წლის მანძილზე ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის დროსაც რუსებმა ტერიტორიები არ წაიღეს, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობა იყო. მეორე ნაწილი გათავისებაა იმის, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ მიაჩნია, რომ ყველაფერი, რასაც რუსები ეუბნებიან, სიმართლეა. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს. არსებობს კომპრომისები, არსებობს ენდე, მაგრამ გადაამოწმე. ამას დიპლომატია ჰქვია". - თქვა ვიცეპრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტი მეტად გააღიზიანა. 

3 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ომის დასრულების შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორს არის და ჯერ არავის დაუწყია ამ ნაბიჯების გადადგმა". 

ტრამპი ზელენსკის განცხადებას საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და მას "ყველაზე ცუდი" უწოდა, რაც კი "ზელენსკის შეიძლება, გაეკეთებინა". 

"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი შეიძლება ზელენსკის გაეკეთებინა. ამერიკა ამას აღარ შეეგუება. ეს არის ის, რასაც ვამბობდი, ამ კაცს არ უნდა მშვიდობა მანამ, სანამ მას აშშ-ს მხარდაჭერა აქვს და ევროპელებმა, ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ აშშ-ს გარეშე ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. ალბათ, არ იყო საუკეთესო განცხადება, რაც რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად შეიძლება გააკეთო. რაზე ფიქრობენ?" - დაწერა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მალევე დაწერა, რომ უკრაინას "მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი აქვს", ხოლო "მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო". 

ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

28 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს მეტად დადებითად შეხვდნენ კრემლში.

რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?

კომენტარები