ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ.
ცნობისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონის სამიტის დაწყებამდე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ალარ კარისს, პრემიერმინისტრ ევიკა სილინიას და პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას - ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად მოვძებნით გამოსავალს უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მის სუვერენულობას და გამყარებული იქნება უსაფრთხოების გარანტიით
ეს უპირობოდ მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სამომავლო უსაფრთხოებისთვის". - წერს სტარმერი სოციალურ ქსელ X-ზე.
ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ არ უნდა დაიზოგოს ძალისხმევა ძლიერი, ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად, ხოლო უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტი, "ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულებაა".
"ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად მქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია ბრიტანეთის პრემიერმინისტრ, კირ სტარმერთან
ჩვენ არ უნდა დავზოგოთ ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად - აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს". - წერს გიტანას ნაუსედა.
1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს დაუნინგ სტრიტზე, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეხვდნენ.
ასევე, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთად რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად საკუთარ სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებენ - ამის შესახებ, 2 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა. 28 თებერვალს ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს შეხვდა, რომელიც კამერების წინ მწვავე კამათში გადაიზარდა.
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი





