ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინის საკითხს უკრაინის გარეშე არავინ გადაწყვეტს.
"როდესაც უკრაინის საკითხების გადაწყვეტა დაიწყება, ვფიქრობ, უკრაინის გარეშე ამ საკითხებს არავინ გადაწყვეტს". - განაცხადა ლუკაშენკომ ამერიკელ ბლოგერთან, მარიო ნაუფალთან ინტერვიუში.
სააგენტო Belta-ს ინფორმაციით, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი ბოლო შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა, მათ შორის უკრაინულ მხარესთან.
"მან [ვლადიმირ პუტინმა] გააგრძელა საუბარი იმაზე, რომ უკრაინელები და ზელენსკი ნაწყენები არიან იმის გამო, რომ ისინი საუდის არაბეთში არ მიიწვიეს. [ვლადიმირ პუტინი] ამბობს: რისთვის უნდა დაგვეპატიჟებინა, თუ იქ განხილული იყო მხოლოდ რუსეთისა და აშშ-ს საკითხები. იქ მხოლოდ ზედაპირულად შეეხნენ უკრაინის საკითხს. ამიტომ არ ჰქონდა აზრი უკრაინის დაპატიჟებას". - განაცხადა ლუკაშენკომ.
18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა





