კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ხედავს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის "გარკვეული უთანხმოება" არსებობს. მანვე დაამატა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის რუსეთ-უკრაინის ომის რეგულირებაზე მოლაპარაკებებს ამჟამად "კონკრეტიკა" აკლია.
ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
კრემლის პრესსპიკერი ირწმუნება, რომ კრემლი ტრამპის ადმინისტრაციას ეთანხმება, რომ უკრაინაში ომის "მშვიდობიანი გზებით" დარეგულირება არის სასურველი.
"ამისთვის გარკვეული ზომები მიიღება. თუმცა, უშუალოდ დარეგულირების გეგმაში ჯერჯერობით კონკრეტიკა მცირეა. აქ მოთმინება არის საჭირო". - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა დაამატა, რომ კრემლმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ზელენსკის მთავრობას შორის დაპირისპირებას მიაქცია ყურადღება.
"ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული უთანხმოება ვაშინგტონსა და კიევს შორის". - თქვა პესკოვმა.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.
მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





