შვედეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ სამშვიდობო ძალების სახით ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. ინფორმაციას Reuters შვედურ რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს. რადიოსთან ინტერვიუში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა ისაუბრა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი უკავშირდება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერი განცხადებას, რომლის მიხედვითაც სტარმერი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მოვალეობების შესასრულებლად ბრიტანული ჯარები გაგზავნოს.
"ჩვენ თავდაპირველად უნდა მოვილაპარაკოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცემს პატივს, პატივს სცემს უკრაინას და უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს, რომ რუსეთი უბრალოდ უკან არ დაიხევს, [რათა] შემდგომ ახალი ძალები მოიკრიბოს და კვლავ თავს დაესხას უკრაინას ან სხვა ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე წელიწადში". - თქვა მინისტრმა.
სტარმერის განცხადებასთან დაკავშირებით სტენერგარდმა დაამატა, რომ შვედეთის მთავრობა "არაფერს გამორიცხავს".
"როგორც კი ჩვენ მსგავს მშვიდობას მივაღწევთ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ის შენარჩუნდეს და ჩვენ მთავრობა ამისთვის არაფერს გამორიცხავს". - აღნიშნა შვედეთის უმაღლესმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ იგი მზადაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება აღსრულებული იყოს.
სტარმერის თქმით, მას მარტივად არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები "საფრთხის წინაშე" დააყენოს.
"გაერთიანებული სამეფო მზად არის, მოწინავე როლი შეასრულოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარების მხრივ. ეს მოიცავს სამომავლო დახმარებას უკრაინის ჯარისთვის - რისთვისაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო წელიწადში £3-მილიარდიანი ვალდებულება, სულ მცირე, 2030 წლამდე.
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ვიყოთ მზად და გაგვაჩნდეს ნება, წვლილი შევიტანოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი სამხედროების გაგზავნის მხრივ. ამას ჰაერზე არ ვამბობ. ძალიან ღრმად განვიცდი პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს პოტენციურად ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საფრთხის წინაშე დაყენებას.
მაგრამ ნებისმიერი როლი იმაში, რომ დავეხმაროთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის მხრივ, ნიშნავს ხელშეწყობას, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი კონტინენტისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ომის დასასრული, როცა ეს დადგება, არ შეიძლება იყოს უბრალოდ დროებითი პაუზა, სანამ პუტინი ხელახლა გადაწყვეტს თავდასხმას". - წერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ, 18 თებერვალს დაიწყება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე საუდის არაბეთშია.





