რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
Evelyn Hockstein, Pool Photo via AP

საუდის არაბეთში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის, Axios-ის ცნობით, სამშაბათს, 18 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც საკითხზე ინფორმირებულები არიან. 

რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია გამოცემა Politico-მ გაავრცელა. ამავე ცნობებით, საუდის არაბეთის მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუბიო საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა. უიტკოფმა კი ამერიკულ ტელევიზია Fox News-ს კვირას, 16 თებერვალს უთხრა, რომ ის და უოლცი საუდის არაბეთში იმავე დღეს, 16 თებერვალს გაემგზავრებოდნენ. 

უცნობია, თუ ვინ დაესწრება მოლაპარაკებებს რუსეთის მხრიდან. გავრცელებული ცნობებით, სხვებთან ერთად, ეს შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყოს. 

უკრაინული მხარე, არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ მიუწვევიათ. ცნობა რამდენჯერმე დაუდასტურეს უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა BBC და Fox News. ამასთან, Axios-ს გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ უკრაინას აშშ-სგან რაიმე მიწვევა არ მიუღია. 

"უცნაურია, გამართო შეხვედრა ასეთ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციებამდე. როგორც მახსოვს, რუსეთი ასეთი სტრატეგიული პარტნიორი არ არის [აშშ-ს]". - უთხრა ზელენსკიმ Axios-ს. 

თუმცა, თავად აშშ-ს პრეზიდენტის 16 თებერვლის განცხადებით, მოლაპარაკებებში ზელენსკი "ჩართული იქნება".

ამავე ტიპის განცხადებები გააკეთეს უიტკოფმა და რუბიომაც. უიტკოფის თქმით, "უკრაინა მოლაპარაკებების ნაწილია" და მას არ ჰგონია, რომ მოლაპარაკებებს ვინმე გამოეთიშება, "[მოლაპარაკებები] ყველას ჩართულობითაა". 

რუბიომ კი CBSNews-თან ინტერვიუში 16 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.

მანამდე, 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინთან ხანგრძლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.

ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა. 

ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

კომენტარები