ავიაკატასტროფა აშშ-ში

ტრამპი ობამასა და ბაიდენს აშშ-ს საავიაციო სტანდარტების დაქვეითებაში ადანაშაულებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებს აწერს ხელს, 20 იანვარი, 2025
Jim Watson/AFP/Getty Images

თეთრ სახლში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის ავიაკატასტროფის დეტალებზე ილაპარაკა.

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ ავიაციაში ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში სამსახურისთვის შეუსაბამო ადამიანები მუშაობდნენ. 

"ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე მაღალი სტანდარტები საავიაციო სფეროში. მე ობამას მიერ დანერგილი სტანდარტები შევცვალე, თქვენ ეს გემახსოვრებათ. იმიტომ რომ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ასეთ თანამდებობებზე უნდა იმუშაონ უმაღლესი ინტელექტის, ფსიქოლოგიური გამძლეობისა და გამორჩეული შესაძლებლობების ადამიანები. ჩემს მოსვლამდე, ეს ასე არ იყო. მე გავაუმჯობესე სიტუაცია, მაგრამ ხელისუფლებაში ბაიდენი მოვიდა და ყველაფერი უარესობისკენ შეცვალა.

მე ყოველთვის ვაყენებდი უსაფრთხოებას პირველ ადგილზე. ობამა, ბაიდენი და დემოკრატები ყველაფერს მაღლა პოლიტიკას აყენებენ. მათ შემოიღეს ძალიან დაბალი სტანდარტები, რაც კი აქამდე ოდესმე არსებულა". – თქვა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა თავისი არგუმენტის გასამყარებლად მედიაში გამოქვეყნებული სტატია მოიშველია:

"ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის(FAA) დივერსიფიკაციის პროგრამა ორიენტირებულია მძიმე ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე ადამიანების დასაქმებაზე". წარმოუდგენელია. ეს სტატია ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე დაიბეჭდა. აი კიდევ ერთი სტატია: "FAA მძიმე ინტელექტუალური აშლილობის, ფსიქიკური დაავადებების და სხვა მენტალური თუ ფიზიკური დარღვევების მქონე ადამიანებს აქტიურად ასაქმებს".

ტრამპის თქმით, ერთი კვირის წინ მან ხელი მოაწერა საბუთს, რომელიც ავიაციას "მაღალ სტანდარტებს დაუბრუნებს".

30 იანვარს, ვაშინგტონის საჰაერო სივრცეში, ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი დაეჯახა. შედეგად დაიღუპა 67 ადამიანი.

კომენტარები