აშშ-ში, არიზონას შტატის ქალაქ სკოტსდეილის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი დაშვებისას გაჩერებულ თვითმფრინავს დაეჯახა, რასაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
სკოტსდეილის სახანძრო სამსახურის სპიკერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დაშავებულია 4 ადამიანი, ხოლო ერთის თვითმფრინავიდან გამოყვანა ამ დრომდე ცდილობენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი აეროპორტში ეშვებოდა, რა დროსაც პილოტმა ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავი ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ თვითმფრინავს დაეჯახა.
ბოლო ერთი თვის მანძილზე აშშ-ში უკვე 4 ავიაკატასტროფა მოხდა. 30 იანვარს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, დაეჯახა სამხედრო ვერტმფრენ Black Hawks-ს, რომელშიც 3 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად ორივე თვითმფრინავზე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
1 თებერვალს კი ფილადელფიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ორივე პირი დაიღუპა. ასევე, 7 თებერვალს ალასკაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 10 ადამიანი იმყოფებოდა.





