აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 31 იანვარს დაწერა, რომ Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავს დაეჯახა, ინციდენტის დროს ძალზე მაღლა დაფრინავდა.
აშშ-ს სამხედრო ვერტმფრენები პოტომაკის მდინარის თავზე, რონალდ რეიგანის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, რეგულარულად დაფრინავენ, თუმცა, უსაფრთხოების გამო მათთვის ფრენის სიმაღლე 61 მეტრზეა შეზღუდული.
"Blackhawk-ის ვერტმფრენი ძალზე, ბევრად, მაღლა დაფრინავდა. 200-ფუტიან (61 მ) ლიმიტზე ბევრად მაღლა იყო. ეს ძალზე რთული გასაგები არ არის". - წერს ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ავიაკატასტროფაზე, რომელშიც 67 ადამიანი დაიღუპა, ფედერალური ტრანსპორტირების სააგენტოების მხრიდან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა მანამდე თქვა, რომ Black Hawk-ის სიმაღლესთან დაკავშირებით, შესაძლო პრობლემები იყო, თუმცა ამბობდა, რომ საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო.
30 იანვარს აშშ-ში, ვაშინგტონში რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
აშშ-ს არმიასა და American Airline-ზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, Black Hawk-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე 3 ჯარისკაცი, American Airlines-ის თვითმფრინავზე კი 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავი ვაშინგტონში კანზასის ქალაქ ვიჩიტადან მიფრინავდა, სამხედრო ვერტმფრენი კი ვირჯინიაში ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.
აშშ-ს ფიგურული სრიალის ასოციაციის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავში რამდენიმე ფიგურული მოციგურავე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედიის ცნობებით, თვითმფრინავში ყოფილი მოციგურავეები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვიც იყვნენ, რომლებმაც ფიგურულ სრიალში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვეს. ხოლო გამოცემა Reuters-თან საუბრისას წყარომ თქვა, რომ თვითმფრინავში მყოფი 60 მგზავრიდან, სულ მცირე, 15 ადამიანი იყო დაკავშირებული ფიგურულ სრიალთან.
ასოციაციის ინფორმაციით, სპორტსმენები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები კანზასის შტატში ჩატარებული საწვრთნელი ბანაკიდან ბრუნდებოდნენ, რომელიც ფიგურულ სრიალში ეროვნული ჩემპიონატის პარალელურად ტარდებოდა.





