აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტში მომუშავე 12-ზე მეტი პროკურორი გაათავისუფლა, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის 2 საქმეში ბრალდების მხარეს მუშაობდნენ და გამოძიებას აწარმოებდნენ.
იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაითხოვეს მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიმს მაკჰენრიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ პირებს "ვერ ენდობოდნენ, რომ ისინი პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის შესაბამისად იმოქმედებდნენ", ვინაიდან მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში, ბრალდების მხარის სახით "მნიშვნელოვანი როლი" შეასრულეს.
იუსტიციის დეპარტამენტმა გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დეპარტამენტის სპეციალური მრჩევლის, ჯეკ სმიტის გუნდიდან არიან. გუნდი 2 საქმეს იძიებდა - პირველში, ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ამოწურვის შემდეგ გასაიდუმლოებული დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებასა და მეორეში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ტრამპის მიერ, არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით, შეთქმულების მომზადების ბრალდებას.
ბევრმა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას იუსტიციის დეპარტამენტიდან ტრამპის საქმეებში მონაწილე იურისტების გათავისუფლების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
14 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის გასამართლდებოდა, რომ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელახალი გამარჯვება.
ანგარიშის ავტორი იუსტიციის დეპარტამენტის ზემოხსენებული სპეციალური მრჩეველი ჯეკ სმიტი იყო. როგორც მან ანგარიშში ჩაწერა, აღნიშნული 2 საქმის გარშემო არსებული "დასაშვები მტკიცებულებები საკმარისი იყო, რათა მიღებულიყო და შენარჩუნებულიყო [ტრამპის] საბრალდებო განაჩენი".
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ტრამპმა სმიტს "შეშლილი" უწოდა და თქვა, რომ მისი მოკვლეული მტკიცებულებები "ყალბია".
ტრამპი ორივე ბრალდებას უარყოფდა და იმ პროკურორებს, რომლებიც საქმეებში ფიგურირებდნენ, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.