დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ჯორჯიის შტატის არჩევნებში ჩარევის საქმეზე დანაშაული აღიარა

Fulton County Sheriff’s Office | via Reuters

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, სიდნი ფოუელმა ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე დანაშაული აღიარა. მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის ფულტონის ოლქში ბრალი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და 16 სხვა პირთან ერთად წარუდგინეს.

ფოუელს ექვსწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, ასევე განესაზღვრა ჯარიმა $6 000 ოდენობით და კომპენსაცია $2 700 ოდენობით, რომელიც მან ჯორჯიის შტატს ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. დამატებით, ის ვალდებულია შტატის მოქალაქეებს ბოდიში წერილობით მოუხადოს.

ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა თანხმობა განაცხადა, პროკურორების მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო პროცესზე ტრამპისა და სხვა თანაბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.


ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს  2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება 2023 წლის 14 აგვისტოს წარუდგინეს. ბრალდებულებს შორისაა ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი.

ფულტონის ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა ტრამპისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებზე გამოძიება 2021 წლის თებერვალში დაიწყო. 14 აგვისტოს საბრალდებო დასკვნის მიღების შემდეგ, მან გამოაცხადა, რომ ბრალდებულებს აძლევდა შესაძლებლობას ნებაყოფლობით ჩაბარებულიყვნენ არაუგვიანეს 25 აგვისტოს შუადღისა.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები "შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ", რომელიც ოფიციალურად ჯო ბაიდენმა მოიგო.

24 აგვისტოს ტრამპი სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი საპატიმრო ნომერია P01135809.

ფულტონის ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, სკოტ მაკაფის თქმით, დონალდ ტრამპისა და მისი თანაბრალდებულების წინააღმდეგ ჯორჯიის არჩევნების გაყალბების საქმეზე დაგეგმილი სასამართლო პროცესი ტელევიზიით გაშუქდება.

კომენტარები