აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც კონგრესს წარედგინა, აღნიშნულია, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის გასამართლდებოდა, რომ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელახალი გამარჯვება.
"დასაშვები მტკიცებულებები საკმარისი იყო, რათა მიღებულიყო და შენარჩუნებულიყო [ტრამპის] საბრალდებო განაჩენი". - წერია ანგრიშში, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა მრჩეველმა ჯეკ სმიტმა შეადგინა.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ტრამპმა სმიტს "შეშლილი" უწოდა და თქვა, რომ მისი მოკვლეული მტკიცებულებები "ყალბია".
ჯეკ სმიტი იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურ მრჩევლად 2022 წლიდან მუშაობდა - მას ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე დეპარტამენტის მიერ წარმოებული გამოძიებების ზედამხედველობა ევალებოდა. სმიტი პოსტიდან გასულ კვირას გადადგა.
ტრამპს ბრალად ედებოდა პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ გასაიდუმლოებული დოკუმენტების უკანონო შენახვა და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი შენახვა საკუთარი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ოთახებში. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეში კი მას ბრალად ედებოდა შეთქმულება არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით.
ტრამპი ორივე ბრალდებას უარყოფდა და იმ პროკურორებს, რომლებიც საქმეებში ფიგურირებდნენ, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.
ორივე საქმე ჯეკ სმიტმა ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ გააუქმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის გასამართლებას კრძალავს.