რუსული რეჟიმი

საკვების შეზღუდვაზე გავრცელებული ცნობების შემდეგ, კაციასთან ომბუდსმენის წარმომადგენლები იყვნენ

ნიკა კაცია

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ციხეში დაკავებულ ჟურნალისტთან ნიკა კაციასთან იმყოფებოდნენ. 

გუშინ მთავარი არხის ეთერში ასევე დაკავებული საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე, ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს".

როგორც ტაბულას ომბუდსმენის აპარატში უთხრეს, კაციას პრობლემები შეექმნა ერთ კონკრეტულ საკვებზე, რომელიც მას რამდენჯერმე არ დახვდა. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ და შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

" 24 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ კაცია მოინახულა.

ბრალდებულმა მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, ნიკოლოზ კაციას თხოვნით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მისი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს". - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა კაციას შესახებ ინფორმაცია ასევე გაავრქცელა აქტივისტმა თათი მელიქიშვილმა:

"უკანონოდ დაკავებულ ნიკა კაციას, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს, ციხეში აწამებენ, გუშინ მის პროცესს ვესწრებოდი და გავიგეთ, რომ საკვები თურმე მაშინ "თავდება", როცა ნიკას ჯერია, მის ბარათს კი თანამესაკნე უკანონოდ იყენებს.

დარბაზიდან გაყვანამდე დაგვიძახა მე და ანი ქავთარაძეს, თათი, ანი მიყვარხართო.

დღეს ლუკმა არ გადამდის და არ ვიცი, როგორ დავუბრუნო ეს სიყვარული უკან.

ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი გზაა, რაც მისთვის შემიძლია.

ორშაბათს ადვოკატი მოინახულებს". - წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები