რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, 2022-ში პუტინმა მისი გადადგომა და მედვედჩუკის გაპრეზიდენტება მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Denis Balibouse/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში, კრემლისგან ულტიმატუმი მიიღო, რომლითაც რუსეთი მის გადადგომასა და უკრაინის პრეზიდენტად პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დასმას ითხოვდა.

"ზოგიერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან ომის პირველ დღეებში, ზოგი მათგანი უკრაინიდან... მათ ულტიმატუმი გადმომცეს პუტინისგან". - თქვა ზელენსკიმ დავოსში, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

ზელენსკის თქმით, ულტიმატუმის ფარგლებში რუსეთმა უკრაინისგან დონბასში ოკუპანტების ე.წ. მთავრობის აღიარება, კონსტიტუციით "ნეიტრალიტეტი" გამოცხადება, არმიის 50 000 ჯარისკაცამდე შემცირება, იარაღის არსენალის უმეტეს ნაწილზე უარის თქმა და რუსული ენის ოფიციალურად აღიარება მოითხოვა.

"ეს მოლაპარაკება არ იყო; ეს ულტიმატუმი იყო". - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ მსგავსი მოთხოვნები რუსეთმა მოგვიანებით თურქეთში 2022 წლის წარუმატებელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც წამოაყენა.


მილიონერი და პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია 2014 წლის მაიდანის შემდეგ უკრაინაში ყველაზე დიდი პრორუსული ძალის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. არჩევნებში მისმა მხარდამჭერებმა ხმების დაახლოებით 10%-ს მიაღწიეს. 2021 წელს უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 2022 წლის 12 აპრილს დააკავა. ლვოვის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა.  უკრაინის სასამართლომ პრორუს ოლიგარქს, მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს რუსეთის ფედერაციიდან კონტროლირებადი აქტივები ჩამოართვა. სექტემბერში, უკრაინამ მედვედჩუკი სამხედრო ტყვეებში გაცვალა. 

კომენტარები