რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ დაფუძნებული ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) წევრი, იაროსლავ ნილოვი ამბობს, რომ კოლეგებს ჟირინოვსკის კრიპტოვალუტის შექმნა შესთავაზა.
ამის შესახებ გამოცემა ნილოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, РИА Новости-სთან ისაუბრა.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ განიხილება ტრამპისა და მისი ცოლის, მელანიის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ამბები და გავაჟღერეთ შეთავაზება ჩვენი ექსპერტების მხირდან, რატომაც არ უნდა შევქმნათ კრიპტოვალუტა "ჟირინოვსკი"? სხვათა შორის, ჟირინოვსკი და ტრამპი ტემპერამენტით, პოლიტიკური წინდახედულობით, შემოქმედებითობით, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით ძალიან ჰგვანან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს თემა ყურადღებას იმსახურებს". - თქვა ნილოვმა.
ნილოვმა ხაზი გაუსვა, რომ 25 აპრილს ჟირინოვსკის 80 წლისთავი იქნება.
"ჩვენ ამ საკითხს არსებითად განვიხილავთ ЛДПР-ის ფრაქციაში ჩემს კოლეგასთან, დეპუტატ ლუგოვთან ერთად, რომელიც ამ საკითხით არის დაკავებული, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციის საკითხით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს სამრეწველო მაინინგის ასოციაციასთან. ამიტომ, აქტუალურობის გათვალისწინებით, ხოლო ყველაზე მნიშნველოვანი ამ თემის შემოქმედებითობა და ბრწყინვალებაა, მით უმეტეს ჟირინოვსკის 80 წლისთავის მოახლოების ფონზე, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ყველა მხრივ უნდა შევისწავლოთ, მისი პრაქტიკული რეალიზების თვალსაზრისით უნდა გამოვიკვლიოთ". - თქვა ნილოვმა.
17 იანვარს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა, ე.წ. მიმკოინი $Trump გამოუშვა, რომლის კაპიტალიზაციამაც უკვე რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც კრიპტოვალუტის ოფიციალურ ვებსაიტზეა აღნიშნული, მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი 200 მილიონი ციფრული ტოკენია, კიდევ 800 მილიონს კი შემდეგი 3 წლის განმავლობაში გამოუშვებენ.
საკუთარი კრიპტოვალუტა, $Melania მომავალმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმაც გამოუშვა.
ვებგვერდ CoinMarketCap-ის მიხედვით, $Trump-ის საბაზრო შეფასება დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს, ხოლო $Melania-ს საბაზო შეფასება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპმა თქვა, რომ ბიტკოინის ფედერალურ რეზერვს შექმნის და მის ადმინისტრაციას კრიპტოვალუტის მიმართ უფრო დადებით დამოკიდებულება ექნება.





