აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი სკოტ ბესენტის თქმით, იგი "100%-ით" დაუჭერს მხარს რუსეთისთვის, განსაკუთრებით რუსი ნავთობმწარმოებლებისთვის, მეტი ამერიკული სანქციის დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ მომავალი პრეზიდენტი ამას მოითხოვს.
ბესენტმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე ამერიკელ სენატორებს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "საკმარისი მასშტაბების არ იყო".
"ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის ფედერაციიდან რომელიმე ოფიციალური პირი ამ მოსმენას უყურებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ მე [თანამდებობაზე] დამამტკიცებენ და თუ პრეზიდენტი ტრამპი, უკრაინის ომის დასრულების საკუთარი სტრატეგიის ნაწილად, ამას მოითხოვს, მე 100%-ით მხარს დავუჭერ სანქციების გაძლიერებას - განსაკუთრებით რუსული ნავთობის გიგანტების მიმართ - იმ დონეზე, რომელიც რუსეთის ფედერაციას [მოლაპარაკების] მაგიდასთან მიიყვანს". - თქვა ბესენტმა კონგრესში საუბრისას.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე თქვა, რომ "უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია [მისი] ზრდასრული ასაკის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა" და სურს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს იგი და, თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, "ამისათვის შეასრულოს ნებისმიერი როლი, რომლის შესრულებაც ხაზინას შეუძლია".
აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიარდერი ინვესტორი სკოტ ბესენტი აშშ-ს ფინანსთა (ხაზინის) მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში წარადგინა. ტრამპმა ბესენტს "მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგი" უწოდა.
"სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს რეფორმებს, რაც აშშ-ს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და არასამართლიან სავაჭრო დისბალანსს შეაჩერებს. იგი იმუშავებს, რომ შექმნას ეკონომიკა, რომელიც ზრდას წინა პლანზე დააყენებს, განსაკუთრებით, ჩვენი სამომავლო მსოფლიო ენერგეტიკის დომინირების გზით". - განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ბესენტი "კვლავ დაუბრუნებს ამერიკას სიმდიდრეს".
პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ბესენტი თანამდებობაზე ხაზინის მოქმედ მდივანს ბაიდენის ადმინისტრაციიდან - ჯანეტ იელენს ჩაანაცვლებს.
ბესენტი, სხვა მოვალეობებთან ერთად, პასუხისმგებელი იქნება მომავალი ადმინისტრაციის სანქციათა პოლიტიკის წარმართვაზე, მათ შორის, რუსეთზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებზე.